მითების დეტექტორის ლაბორატორია
ნაკრები გვაერთიანებს: საყოველთაო წარმატება და ფეხბურთი პოლიტიკური მანიპულაციის ზღვარზე
Credit: Setanta Sports

"სპორტი ყოველთვისაა კავშირში პოლიტიკასთან, იგი ჩვენი საზოგადოების ნაწილია, საზოგადოება კი პოლიტიკურია."
ივალდ ლინენი, ს.კ. "სანქტ პაულის" სპორტული დირექტორი
მე ვარ საქართველო -
საქართველო ევროპაზე
"სად მივდივართ? - ევროპაში" - ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის. 2024 წლის 26 მარტი. ბორის პაიჭაძის "დინამო არენაზე" ისტორია ოქროს ასოებით იწერება - ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გასვლას ყველა აღტაცებული და თვალცრემლიანი ხვდება. დიდი წარმატება დიდ პასუხისმგებლობებსაც მოიტანს... გავა დრო, და ფეხბურთში მიღწეულ წარმატებას პოლიტიკური ძალები საკუთარი პიარისა და სხვისი დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ.
სანაკრებო წარმატება პოლარიზებულ საზოგადოებასაც კი აერთიანებს.
განახლებული საფეხბურთო იდენტობა
აძლიერებს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ სიყვარულს და ამავდროულად,
აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პოლიტიკოსოები მას პიარისა და პოლიტიკული მანიპულაციისთვის გამოიყენებენ

43-წლიანი ლოდინი და ქართული ფეხბურთი მოწოდების სიმაღლეზე - საფეხბურთო იდენტობის ახალი მწვერვალი
ფეხბურთი ეროვნული სიამაყის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა. სპორტის ეს ყველაზე პოპულარული სახეობა მსოფლიოში ასობით მილიონ ადამიანს აერთიანებს. ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობენ, უყურებენ საყვარელ გუნდებს, ფეხბურთელებს, აკრავენ პოსტერებს ოთახებში, იცვამენ მათ მაისურებს, მღერიან ეროვნულ ჰიმნს და საკუთარ თავებსა და საკუთარ ეროვნულ იდენტობას ხშირად სწორედ ფეხბურთს უკავშირებენ. არაერთ მეცნიერს დაუწერია ფეხბურთზე, როგორც სოციალური იდენტობის კონსტრუირების ერთ-ერთ შესაძლებლობაზე. მაგალითად, ჯონ უილიამსი თავის ნაშრომში წერდა, როგორ იყალიბებენ გულშემატკივრები საკუთარი თავის აღქმას ფებურთის დახმარებით: „ეს ჩემი გუნდია“... „მე ამ ქვეყნიდან ვარ“... - ფეხბურთს შეუძლია ხალხი გააერთიანოს და ეს სიტყვები მილიონობით გულშემატკივარს ათქმევინოს.

Credit: TIA.ge
Credit: JWT Metro

დინამოს წარმატებიდან - ნაკრების წარმატებამდე
ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ფეხბურთი საქართველოშიც ეხმარება, ამის ნათელი გამოხატულება კი მისი ნაკრებია: „მე ვარ საქართველო“ - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წელს, ახალი იდენტობით, ახალი დევიზით, ახალი ლოგოთი, ახალი ფორმით, ბრძოლის უცვლელი ჟინითა და სიმტკიცით ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგა. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მრავალი წარმატება გაიარა: გამარჯვებები ერთა ლიგაზე, მოგებული ჯგუფი, ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ჯგუფური ეტაპის გადალახვა და შთამბეჭდავი გამარჯვება პორტუგალიასთან, სავსე სტადიონები და დღითიდღე მზარდი პოპულარობა - გუნდი, რომლის სახელსაც 50 000 -ზე მეტი გულშემატკივარი სკანდირებდა თვიდან თვემდე ხან თბილსში, ხან ბათუმში, ხან კი - მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ქართულმა სანაკრებო ფეხბურთმა ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთისკენ შემოაბრუნა. 1981 წელს თბილის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ ეს ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებაა - ნანატრ მომენტს ხალხი 40 წელზე მეტი ელოდა, ფეხბურთი კვლავ ყველა ქართველის ცხოვრებად იქცა.
კვლევითი ინსტიტუტის, "Gnomon Wise"-ის მკვლევარი, დავით ქუტიძე, გვესაუბრება ფეხბურთის, როგორც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის მნიშვნელობაზე საზოგადოების გაერთიანების საქმეში. იგი აღნიშნავს, რომ ფეხბურთი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"ისე, როგორც ქართველების მობილიზება და გაერთიანება შეუძლია ფეხბურთს, არ შეუძლია სპორტის არცერთ სახეობას და ეს დამტკიცდა მრავალჯერ."
ბიძინა ბარათაშვილი
სპორტული ჟურნალისტი

ფეხბურთს ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.იგი ხშირად გამხდარა ქართველი გულშემატკივრისთვის კონსოლიდაციის შესაძლებლობა.
ეროვნული ნაკრების წარმატება საყოველთაო წარმატებაა - ასეთი მიღეწევები ხშირად გადაითარგმნება ქვეყნის თითოეული მოქალაქეის გამარჯვებად, ხოლო რაც უფრო დიდია წარმატება, მით მე ტია ცდუნება მისი პოლიტიკური მანიპულაციის იარღად გამოყენებისა. ქვეყნები, რომლებშიც თავს იჩენენ არადემოკრატიული, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკური ძალები, ფეხბურთის პროპაგანდის იარაღად გამოყენებას თავს არ არიდებენ. შეგვიძლია მოკლედ ვისაუბროთ ამის მაგალითებზე 21-ე საუკუნეში.
ფეხბურთი და პოლიტიკა - გლობალური კონტექსტი
რა ხდება საქართველოში?
2022 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები საგრძნობლად პროგრესირებს. დასაწყისშიც აღინიშნა, რომ ამის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა ნაკრების წარმატება საერთაშორისო ფორუმებზე - ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალში გამარჯვება ლუქსემბურგთან, ფინალში - საბრძნეთთან, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, ისტორიული გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებთან და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გადასვლა. ამ მოვლენებმა საქართველოში არნახული რეზონანსი გამოიწვია. მკვლევარი ნინო სამხარაძე წერს:
“ევრო2024-ის ეპიზოდი ქართველებისთვის განსაკუთრებით უნიკალურია, რადგან ეროვნული ნაკრების გარშემო საზოგადოების მძლავრი კონსოლიდაცია ქვეყნისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვან ისტორიულ ეპოქაში მოხდა – როცა საქართველო იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის“.
ფეხბურთში პოზიტიური მოვლენები ადამიანებს უქმნის ბედნიერებისა და სიამაყის განცდას. იგი ყოველდღიური პრობლემების დავიწყების ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საშუალებაა. სცენარისტი და საფეხბურთო გადაცემა "უჯარიმოდ"-ის წამყვანი, გიორგი ჯავახაძე, სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამის ნიშნები დღევანდელ ქართულ სინამდვილეში ნათლად ჩანს, რაც, მისი აზრით, არცთუ ისე მისაღები პრაქტიკაა.
ეს ტენდენცია არც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვისაა შეუმჩნეველი და ცხადია, ნაკრების წარმატება უყურადღებოდ არც პოლიტიკოსებს დაუტოვებიათ. მათთვის საქართველოსთან ასოცირებული დადებითი სპორტული მოვლენები კარგი შესაძლებლობაა, საზოგადოებას ქვეყანაში არსებული საყოველთაო სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისგან ყურადღება პოზიტიური მოვლენებისკენ გადაატანინონ და ამით პოლიტიკაში არსებული და საზოგადოებისთვის ძალაუნებურად „თავსმოხვეული“ პოლიტიკური დაძაბულობა განმუხტონ.
დავით ქუტიძე თავის ნაშრომში მწერალ ჯონ ტუნისს მოიხმობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მართვაში სპორტის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, სპორტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დროისა და გონების მაქსიმალურად დაკავებას იმისთვის, რომ მათ შეიგრძნონ კმაყოფილება ეროვნული სპორტული გამარჯვებებით. ამასთან, რეჟიმის მიზანია სპორტში ფიზიკურად ჩართული ახალგაზრდების დღის წესრიგის იმგვარად გამოყენება, რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაზე ფიქრის, აგიტაციის ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში ჩართვის დრო.[1]

ნინო სამხარაძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი (GIP)
"დამ ოწმების" პროპაგანდა - ანუ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ასოცირდებოდე წარმატებულ ფეხბურთელებთან

"სპორტსმენები ხდებიან, სამწუხაროდ, რაღაც "საჯილდაო ქვა", რომელიც გამოიყენება მხოლოდ ხმის მოსაპოვებლად, რაც არ არის კარგი... ეს ხომ ამ ხალხისვე შეურაცხყოფაა და ამ ხალხისთვის, აპრიორი, ძალით ჩამორთმევა იმ სიყვარულისა, რომელიც მათ დაიმსახურეს...
ბიძინა ბარათაშვილი
გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე"
„ჩვენ ვკითხულობთ რეკლამის განმთავსებლების პროპაგანდისტულ შეტყობინებებს გაზეთებსა და ჟურნალებში, ვუყურებთ მათ მომხიბვლელ სურათებს ტელევიზიით, მათ გზავნილებს ჩვენს ქვეცნობიერში აღვიქვამთ. ყველანი ვაკეთებთ ამას - ისინიც კი, ვინც ვიცით მათი ხრიკები და შესაბამისად, რეკლამისადმი იმუნიტეტის მქონედ ვგრძნობთ თავს.“ - ამ სიტყვებს წერს მეცნიერი ენ მაკლინტოკი პროპაგანდის ტექნიკებზე და აღნიშნავს, რომ ე.წ. „Testimonial”, ანუ დამოწმების ტექნიკა არც პოლიტიკისთვისაა უჩვეულო. ამაზე საუბრობს მკვლევარი დავით ქუტიძეც, რომელიც თავის მხრივ, ნაშრომში რიჩარდ ვინსენტს იმოწმებს და ამბობს, რომ პროპაგანდის ეს ტექნიკა ფართოდაა აპრობირებული. ის გულისხმობს გამორჩეული ადამიანების გამოიყენებას პროდუქტის, ინდივიდის/ჯგუფის ან პოლიტიკოსის პოზიტიურად წარმოსაჩენად. ამ თემაზე ჩვენ დავითი ინტერვიუს ფარგლებშიც გვესაუბრა.
ზემოაღნიშნულ ნაშრომში იგი პოლიტიკის წარმატებულ სპორტმენებზე „მიტმასნების“ საინტერესო მაგალითსაც წარმოგვიდგენს:

მედიაცენტრი მთავარი
2022 წელი. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იტალიის „ნაპოლიში“ გადასვლამდე რუსეთში თამაშობდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჟურნალისტები ამ თემაზე უსვამენ კითხვას, ცალსახად არ აფიქსირებს უკრაინის მხარდაჭერას და არ გმობს რუსულ აგრესიას (განსხვავებით ბევრი ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენისგან) და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას აკრიტიკებს. სწორედ ამ კრიტიკაზე იგება მმართველი პარტიისა და სახელისუფლებო მედიის კამპანია (იხ. ქვემოთ) იმის შესახებ, თითქოს წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ებრძვიან, მისი წარმატება არ უხარიათ და ამით კიდევ ერთხელ აჩევენებენ თავიანთ „მოღალატეობრივ“ ბუნებას.

ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოსა ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი

იმედი, 4 სექტემბერი, 2022. იმედის ეთერში რესპონდენტი ვიჩა კვარაცხელიაზე: "(ხვიჩა) არც ლიბერალია და არც „ნაცი“, არამედ ქართული კულტურული კოდის მატარებელია. მას ვერც „ფრიმიშაზე“ მოაწერინებენ ხელს, ვერც „ტვ პირველზე“ ჩართავენ და ალანძღინებენ საკუთარ ქვეყანას".
პოსტვ, 6 სექტემბერი, 2022. გადაცემა "სამნი & CO. : "რატომ ერჩის ხვიჩა კვარაცხელიას რადიკალური ოპოზიცია"
6 სექტემბერი, 2022. პარლამენტის საშემოდგომო სესია. ირაკლი კობახიძე: "ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ისევე დამარცხდებიან კვარაცხელიასთან ბრძოლაში, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ."


2 წლის შემდეგ
2024 წელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც 2024 წლის აპრილში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ "თავისუფლების მარშზე" ბავშვს ევროკავშირის დროშა უჭირავს. მალევე ვიგებთ, რომ ფეხბურთელის ინსტაგრამ ანგარიში აღარ იძებნება. შემდგომ ფეხბურთელის მამა, როინ ქოჩორაშვილი, ფეიზბუკზე წერს: „საქართველოს გზა ევროპაშია!!!“... „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

შემდეგ მომხდარს კახა კალაძე გამოეხმაურება და ამბობს, რომ „როინ ქოჩორაშვილი ნა ცია“, მოგვიანებით კი გიორგი ქოჩორაშვილზე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს:
"გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის".

ოპოზიციურად განწყობილი პირების დისკრედიტაცის ნიშნები სოც ქსელებში
დროში საეჭვოდ ემთხვევა ზემოაღნიშნულ მოვლენებს ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ სოც.ქსელებში გამოქვეყნებული, გაყალბებული ციტატები და მანიპულაციები. ამ თემაზე სტატიებს "მითების დეტექტორის" ვებგვერდზეც ვხვდებით.
კვლავ ფეხბურთის გამოყენებით - ოპონენტების წინააღმდეგ



ყაველაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი შედეგისთვის რომ მიეღწია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდნენ?“
რადიო თავისუფლება: „ნაკრებს რამდენად უღირს ასეთი ორდენები“ - კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს მიწოდებული სიიდან რამდენიმე პირის გამოტოვების გამო.
კობახიძე: „წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ (წინა ხელისუფლების პირობებში) სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს..."

მდინარაძე რუსული კანონის განხილვის პერიოდში: "ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ"
ფეხბურთი და პიარი - ისევ "Testimonial" ტექნიკა


მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი, კენ რაშვორთი სპორტისა და მისი პოლიტიკასთან გადაკვეთის თემაზე დაკვირვებისას აღნიშნავს, რომ სპორტი და მედია ხელსაყრელი საშუალებაა სახელმწიფოსთვისა და მმართველისთვის, საკუთარი იმიჯი მოხდენილად წარმოუჩინოს მსოფლიოს (ან სცადოს მაინც) იმდენად, რომ მისი მანკიერი მხარე შეუმჩნეველი დარჩეს. სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა ან დასპონსორების ამ ტექნიკას მსოფლიოში „Sportswashing“-საც უწოდებენ. სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გამოყენებით საკუთარი რეპუტაციის ამაღლების პრაქტიკა ქართული სინამდვილისთვის უცხო არაა
ბერა ივანიშვილი ნაკრების შეკრებაზე
ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძე სცენაზე ადის
Image Credit: Mzia Saganelidze

კობახიძე და კალაძე გერმანიაში ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ
Credit: ნეტგაზეთი
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპში
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინასაარჩევნო კლიპში მოხვედრა მმართველი პარტიის პიარკამპანიის დამაგვირგვინებელი მომენტია. წარმატებული და პოპულარული ფეხბურთელების საარჩევნო რგოლებში მოხვედრა გვაფიქრებინებს "ოცნების" მხირდან პოზიტიური იმიჯის შექმნის მცდელობაზე.

ფოტოზე: (მარცხნივ) ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილ და გიორგი გველესიანი
პუბლიკა
"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს, გუნდს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემა" - გამოხმაურება მედიაში


























მოცემული სამი ტელეკომპანიის ვებგვერდზე საძიებო ველში "30 მილიონი" ჩავწერეთ. ცხადია, არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ მედიამ გააშუქოს კონკრეტული მოვლენა, რომელიც გარკევულ მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ინტერესს იძენს, თუმცა მნიშვნელვანი საფეხბურთო წარმატების შემდეგ, რამაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში დადებითი ემოციები გამოიწვია, ეროვნული ნაკრებისთვის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირის მხრიდან ფულადი ჯილდოს გაცემა შეიძლება ყურადღების მიქცევისა და სპორტსმენებთან ასოცირების გზაც იყოს, ამ დროს კი მედია კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, რამდენადაც ის მეტწილად განსაზღვრავს, მივა თუ არა და რა ფორმით მივა სათქმელი ადამიანებამდე.
მიზეზი, შედეგი და გამოსავალი
გიორგი ჯავახაძე სპორტის მანიპულაციის საგნად გამოყენების თემაზე საუბრისას საინტერესო პერსპექტვიდიან გვაჩვენებს პრობლემას. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთით მანიპულირების მიზეზი, რომელიც არადემოკრატიულობასა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებაში შეიძლება ვეძებოთ.
დაბოლოს, იქნებ ეს მხოლოდ ინტერპრეტაციაა?
ადამიანები სიყვარულსა და პატივისცემას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. მათ შორის, პოლიტიკოსების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების მხიდან ნაკრების წარმატებაზე დადებითი გამოხმაურება, ცხადია, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის ამ ქმედებების ქვეტექსტი, რომელშიც მანიპულაციური ნიშნები უკვე შეიმჩნევა.
გამოყენებული წყაროები
McClintock, Ann. Propaganda Techniques in Today’s Adverising.
Williams, John. 1994. Game Without Frontiers: Football, Identity and Modernity.
სამხარაძე, ნინო. 2024. ქართული ფეხბურთი და საქართველოს ევროპული მომავალი: არსებობს თუ არა გამმიჯნავი ხაზები სპორტსა და პოლიტიკას შორის?
ქუტიძე, დავით. 2022. სპორტი და პოლიტიკა - როგორ იყენებს არადემოკრატიული რეჟიმების პროპაგანდა სპორტსა და სპორტსმენებს.